ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი
2014 წლის უელსის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთან არსებითი პაკეტის შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია ნატო-სთან თავსებადობის ამაღლება, თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება და გაწევრიანებისთვის საქართველოს მომზადება. არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მონაწილეობდა ნატო-ს ყველა წევრი და ორი პარტნიორი ქვეყანა – შვედეთი, ფინეთი. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტი (SNGP) დაამტკიცეს, რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შემდგომი გაძლიერებისთვის.
2015 წლის 27 აგვისტოს კრწანისის ეროვნული საწვრთნელი ცენტრის ტერიტორიაზე გაიხსნა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC). JTEC არის ნატო-საქართველოს მორიგი წარმატებული ერთობლივი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს თავდაცვითი ძალების ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებას. წვრთნისა და შეფასების ცენტრით სარგებლობენ არამარტო საქართველოსა და ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ ნატო-ს პარტნიორებიც.
არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (Defence Institution Building School-DIB), რომელიც 2016 წელს დაფუძნდა. მის მთავარ ამოცანას უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის მხარდაჭერა, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ეროვნული შესაძლებლობების გაძლიერება და ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებთან, წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 29-30 ივნისს, ნატო-ს მადრიდის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტის დამტკიცების თაობაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მედეგობასა და ალიანსთან თავსებადობას. დოკუმენტის ზოგიერთი კომპონენტის განხორციელება მიმდინარეობს გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს SNGP-ის არსებული ინიციატივების მხარდაჭერას, და ამასთანავე, მოიცავს ისეთ ახალ მიმართულებებს, რომლებიც კომპლექსური უსაფრთხოების გარემოს ფონზე მნიშვნელოვანია.