ნატო-საქართველოს კომისია
2008 წლის 19 აგვისტოს, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ალიანსმა ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) დაარსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ურთიერთგაგების მემორანდუმს 2008 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. სწორედ 15 სექტემბერს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. 2008 წლის 2-3 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) ფორმატში MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე გაგრძელდეს. საქართველო ANP-ის ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს და შესაბამისად, დოკუმენტში ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა და საკითხებს, რაც მას ხელს შეუწყობს ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოვებას. NGC–ს ფარგლებში ყველა სამუშაო დონეზე რეგულარულად იმართება თემატური კონსულტაციები. NGC–ის ფარგლებში ყოველწლიურად 20-ზე მეტი შეხვედრა იმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოების, თავდაცვის, დემოკრატიის, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ა.შ. საკითხებზე. 2011 წელს, ქ. ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს ისტორიაში პირველად იქნა მიღებული ერთობლივი დეკლარაცია.
ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნების ჩარჩო-დოკუმენტი
- მოწოდებული არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემდგომი გაძლიერებისთვის და ითანამშრომლონ სტაბილური, მშვიდობიანი და განუყოფელი ევროპისთვის;
- კვლავ ადასტურებენ ნატო-ს მოკავშირეების მხარდაჭერას საქართველოს სრული დამოუკიდებლობისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით;
- გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული შეიარაღებული კონფლიქტის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და რუსეთის ქმედებების გამო, საქართველოს რეგიონების- სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების ჩათვლით;
- აცნობიერებენ სამხედრო ქმედებებით მიყენებული ზარალის შეფასებაში საქართველოსთვის ხელშეწყობისა და ნორმალური სამოქალაქო ცხოვრების, ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ობიექტების აღდგენაში დახმარების ზომების საჭიროებას; და კვლავ ადასტურებენ, რომ საქართველოს აღორძინება, უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის;
- კვლავ ადასტურებენ პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტში და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს დამფუძნებელ დოკუმენტში ასახული საერთო ფასეულობებისა და პრინციპების მხარდაჭერას, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულების ჩათვლით;
- კვლავ ადასტურებენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, კერძოდ, კი გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგისა და ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და ფასეულობას;
- ითვალისწინებენ ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს 23-ე მუხლს, რომელშიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მიესალმნენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების მიზნით; შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი; შეთანხმდნენ, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის არის შემდგომი ნაბიჯი გაწევრიანების გზაზე; გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებისადმი გადავიდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე; შეთანხმდნენ, დაიწყოს ინტენსიური ჩართულობის პერიოდი მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რათა პასუხი გაეცეს ჯერ კიდევ არსებულ კითხვებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლასთან დაკავშირებით; დაავალეს რა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, გაკეთდეს პროგრესის პირველადი შეფასება 2008 წლის დეკემბრის შეხვედრაზე და შეთანხმდნენ, მიენიჭოთ საგარეო საქმეთა მინისტრებს უფლებამოსილება, გადაწყვიტონ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის საკითხი;
- ითვალისწინებენ აგრეთვე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს განცხადებას, რომლითაც მათ კვლავ დაადასტურეს 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას, განაგრძონ საქართველოსთან ინტენსიური ჩართულობის პერიოდი, რათა დეკემბრამდე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით უპასუხონ კითხვებს საქართველოს მიერ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
- ითვალისწინებენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებას ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ;
- აღიარებენ ერთობლივი პოლიტიკური, საკონსულტაციო და საკოორდინაციო ორგანოს ჩამოყალიბების მეშვეობით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობას;
ნატო-საქართველოს კომისიის მიზანია გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის ყველა შესაბამის დონეზე, კერძოდ, ზედამხედველობა გაუწიოს ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვას, კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს 2008 წლის ომის შედგების აღმოფხვრას და ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები,ნატოში გაწევრიანების მიზნით მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული მიმართული დემოკრატიული და ინსტიტუციონალური მიზნების მისაღწევად.