წლიური ეროვნული პროგრამა

2008 წლის 2-3 დეკემბერს გამართული ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო საქართველოსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის დაწყება. წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) ფაზაზე მყოფი ქვეყნების და ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო თანამშრომლობის ამ ინსტრუმენტის მიღება.

შეიძლება ითქვას, რომ MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების გარეშე, საქართველომ მიიღო ამ ფორმატით გათვალისწინებული გაწევრიანებისთვის აუცილებელი პოლიტიკური და პრაქტიკული ინსტრუმენტი. წლიური ეროვნული პროგრამა წარმოადგენს ერთი წლის მანძილზე ქართული მხარის მიერ დაგეგმილი რეფორმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების დეტალურ ჩამონათვალს, რომელთა ძირითადი მიზანია ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ სტანდარტებთან მიახლოება. ალიანსი ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამის იმპლემენტაციის შეფასებას და შედეგებს განიხილავს ქართულ მხარესთან ერთად.