მისია ავღანეთში

საქართველოს თავდაცვის ძალები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში, „საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების“ (International Security Assistance Force – ISAF) შემადგენლობაში, 2004 წლის აგვისტოში ჩაერთო. ქართული გაძლიერებული ოცეულის ამოცანას ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

მისიის მიმდინარეობისას ეტაპობრივად იცვლებოდა ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა და მათი ამოცანები. ქართული ქვედანაყოფები ახორციელებდნენ, ბაზების დაცვას, პატულირებას, ჩხრეკას, კორდონს, საკონტროლო-გამშვები პუნქტის ოპერაციებს, ავღანური არმიის საარტილერიო ქვედანაყოფების მომზადებას, სამხედრო ჰოსპიტალის დახმარებას.

2015 წლის პირველი იანვრიდან ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დაიწყო, ნატო-ს ახალი „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM). ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი აგრძელებდა ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალების გაძლიერების ხელშეწყობას, რათა ავღანეთს თავად შესძლებოდა საკუთარ ტერიტორიაზე მდგომარეობის სრულად და ეფექტურად გაკონტროლება.

„მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ მონაწილეობის მიზნით, ქართული ქვედანაყოფები, ოთხი თვის განმავლობაში, ინტენსიურ გადასროლისწინა მომზადებას გადიოდა, რომელსაც აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ინსტრუქტორთა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, ქართული კონტინგენტი, ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებას, გერმანიაში, ქ. ჰოჰენფელსში, ერთი თვის განმავლობაში გადიოდა, სადაც ბატალიონის მომზადების დონის შეფასებაც ხორციელდებოდა.

2021 წლის აპრილში „ავღანეთის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს“ (NAC) მინისტერიალზე, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) მონაწილე ძალების რეტროგრეიდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქართულმა ქვედანაყოფებმა სრულად დატოვა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა (ივნისი, 2021 წ.).

ოპერაციის თეატრიდან პირველი გამოვიდა (მაისი, 2021 წ.) მე-3 ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული (მაზარ-ი-შარიფში (MES) ასრულებდა სწრაფი რეაგირების ასეულის (QRF) ფუნქციას), შემდგომ ეტაპზე (ივნისი, 2021წ.) კი, მე-3 ბრიგადის 32-ე ბატალიონი (BAF, Baghram) და სპეციალური ოპერაციების ძალების ასეული (RS HQ, Qabul).

ნატოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობდა სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევდა.

საქართველო ავღანეთიდან ნატოს ჯარების გადმოსროლის პროცესში საქართველოსა და ნატოს შორის ტრანზიტის უზრუნველყოფისა და მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ მოქმედი ხელშეკრულების თანახმად მონაწილეობდა, რომელიც ნატოს ძალებისთვის, მისი პერსონალისთვის, ნატოს კონტრაქტორებისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 100-ზე მეტი როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 30 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, მძიმე დანაკლისი განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა.

როტაციების მიმდინარეობის დროს ქართული ქვედანაყოფები გამოირჩეოდა დასმული ამოცანების შეუფერხებლად, კვალიფიციურად და პროფესიონალურად შესრულებით ყველა დონეზე.