შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა

ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების დაცვა და ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობა. ნატო-ს უნდა შეეძლოს ერთდროულად გაუმკლავდეს არსებულ და სამომავლო გამოწვევებსა და საფრთხეებს ნებისმიერი მიმართულებით. ალიანსი აგრძელებს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას დღევანდელი ცვალებადი უსაფრთხოების გარემოს ფონზე.

დღეს ნატო ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან მომდინარე მკაფიო საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას, ესენია სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორები; სამხედრო ძალები, ტერორისტული, კიბერ და ჰიბრიდული თავდასხმები. კერძოდ, რუსეთის აგრესიული ქმედებები ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ნატო-ს პასუხისმგებლობაა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიები და მოსახლეობა თავდასხმებისგან. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი სწორედ კოლექტიური თავდაცვის პრინციპს უსვამს ხაზს.

რაც შეეხება შეკავებას, ის ნატო-ს სტრატეგიის ძირითადი ელემენტია: კონფლიქტისა და ომის პრევენცია, მოკავშირეების დაცვა, გადაწყვეტილებისა და მოქმედების თავისუფლების შენარჩუნება და პრინციპებისა და ღირებულებების დაცვა, როგორიცაა ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. თავისუფალ საზოგადოებებსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ტრანსატლანტიკური სანდო დაცვა ესაჭიროება.

COVID-19 პანდემიამ აჩვენა, რომ მოკავშირეთა მედეგობა ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ნატო იღებს ძლიერ ზომებს ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და მისი პერსონალისთვის რისკების შემცირების მიზნით. მოკავშირეთა შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეროვნული სამოქალაქო რეაგირების მხარდაჭერაში ალიანსის მასშტაბით და ამასთან, ინარჩუნებენ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე საპასუხოდ.

ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკა ემყარება ბირთვულ, კონვენციურ და სარაკეტო თავდაცვით შესაძლებლობებს. ამასთან, ნატო ინარჩუნებს მოქმედების თავისუფლებას და მოქნილობას, რათა შესაბამისად უპასუხოს მთელ რიგს გამოწვევებს.

Deterrence and defence