ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები საქართველოში

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ მთავარ ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნატოს ყველა წევრი ქვეყნის საერთო ნების გამოხატულებაა, რომლებიც კონსენსუსის საფუძველზე მიიღება.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომელიც აერთიანებს თითოეული წევრი ქვეყნის წარმომადგენელს, ზედამხედველობას უწევს ალიანსის დღის წესრიგში არსებულ პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებს. საბჭო უზრუნველყოფს წევრ ქვეყნებს შორის ფართო კონსულტაციებს ყველა საკითხზე, რომლებიც გავლენას ახდენს მათ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
გადაწყვეტილებების მისაღებად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება: ელჩების (მუდმივი წარმომადგენლების), მინისტრებისა და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე (სახელმწიფო მეთაურების შეხვედრას სამიტი ეწოდება). ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ნატოს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს 5 ვიზიტი განხორციელდა, რაც საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველოსთვის, როგორც ნატოს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტები და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ.
- ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პირველი ვიზიტი საქართველოში
15-16 სექტემბერი, 2008 წელი
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და მისი კაბინეტის წევრებთან და ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის (NATO-Georgia Commission) დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს. გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება, სადაც ალიანსის წევრებმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და დაგმეს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ნატოს მხარემ გამოხატა მტკიცე ნება, გააგრძელოს საქართველოს დახმარება დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ამასთან, შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები და გენერალური მდივანი გაემგზავრნენ ქ. გორში, სადაც მოინახულეს ლტოლვილთა ბანაკი და გორის სამხედრო ბაზა.
https://www.old.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=130&info_id=670
- ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეორე ვიზიტი საქართველოში
9-10 ნოემბერი, 2011
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად ნატოს 28 წევრი სახელმწიფო მიესალმა საქართველოს მიღწევებს რეფორმების განხორციელების პროცესში, გამოხატა ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების (რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ალიანსის წევრებმა უმაღლესი შეფასება მისცეს ავღანეთში მიმდინარე ნატოს საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობას და მის მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
https://www.old.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=234&info_id=33107
- ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მესამე ვიზიტი საქართველოში
26-27 ივნისი, 2013 წელი
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც მხარეებმა იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე.ორმხრივი შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან და პრეზიდენტთან.ნატოს გენერალურმა მდივანმა და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. შეხვედრებისას ნატოს გენრალურმა მდივანმა და ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატეს. მათ აღნიშნეს, რომ საქართველოში რეფორმები წარმატებით ხორციელდება და ხაზი გაუსვეს ამ რეფორმების გაგრძელებისა და დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის აუცილებლობას.ალიანსმა კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო გახდება ნატოს წევრი.
https://www.old.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=269&info_id=37418
https://www.old.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=269&info_id=37417
- ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეოთხე ვიზიტი საქართველოში
7-8 სექტემბერი, 2016 წელი
ვიზიტის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, როგორც ტრანსატლანტიკურ, ისე რეგიონულ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე იმსჯელეს, შეჯამდა ქვეყანაში გატარებული რეფორმებიც. ნატოს დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ნატოს მუდმივმა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში, ხოლო გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი ოფისი გახსნა. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ასევე, ეწვია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს (JTEC).
https://www.old.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57656
- ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში
3-4 ოქტომბერი, 2019 წელი
ვიზიტის ფარგლებში ქ. ბათუმში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმადაც მოკავშირეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მოკავშირეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებისა და გაუმჯობესების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში საბჭო ბათუმის პორტს ეწვია, სადაც ხომალდები “დიოსკურია” და „ოჩამჩირე“ მოინახულეს და ნატოს ოპერაციათა კონცეფციის შესაძლებლობების (OCC) პროცესში ჩართული სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებს შეხვდნენ.
https://www.old.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=520&info_id=73652