ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC)

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმოადგენს ნატოს 2014 წლის აგვისტოს უელსის სამიტზე, ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის 15 ინიციატივიდან ერთ-ერთს.  2015 წლის მაისში შექმნა ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამუშაო ჯგუფი, ხოლო 2015 წლის აგვისტოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მონაწილეობით კრწანისში გაიმართა ცენტრის ინაუგურაცია. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, როგორც სტრუქტურული ერთეული 2016 წლის მაისში დაფუძნდა.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფუნქციაში შედის საქართველოს მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებაში, რეფორმირებაში, თავდაცვის მოდერნიზაციასა და ტრანსფორმაციაში, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში. ცენტრი ასევე საქართველოს ეხმარება მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის, წვლილი შეიტანოს რეგიონული სტაბილურობის განმტკიცების პროცესში და ჩამოყალიბდეს რეგიონულ წამყვან ცენტრად.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მთავარი ამოცანაა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის ძალების, ნატო-ს და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფების საველე და სამეთაურო-საშტაბო სწავლებების ჩატარება, წვრთნა და შეფასება, რათა უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის გაუმჯობესება.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი შედგება 4 დაქვემდებარებული ცენტრისგან:

  • სამეთაურო-საშტაბო წვრთნების ცენტრი
    გეგმავს და აღასრულებს ბატალიონისა და ბრიგადების დონეზე სამთეაურო-საშტაბო წვრთნებს, როგორც ეროვნულ ასევე მრავალეროვნულ გარემოში,გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკის სიმულატორების (JCATS) სისტემის გამოყენებით. 2019 წელს ჩატარებული ნატო-საქართველოს სწავლების დაგეგმვა და აღსრულება ძირითადად სწორედ ამ ცენტრის რესურსების გამოყენებით მოხდა. ცენტრი ჩამოყალიბდა2009 წელს და ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებული შტატების “ვალიანტ”-ის ჯგუფის და ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტების დახმარებით.
  • საბრძოლო მომზადების ცენტრი
    ცენტრი პასუხისმგებელია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის აღსრულებაზე, რომელიც 2018 წლის 18 მაისს ოფიციალურად გაიხსნა და განთავსდა ვაზიანის საწვრთნელ რაიონში. აღნიშნული ცენტრის და პროგრამის ფარგლებში მოხდება ყველა ქვეითი ბატალიონის გაწვრთნა თავდაცვითი შესაძლებობების გაძლიერებისათვის. წვრთნებისა და მომზადების პროცესში მონაწილეობას იღებს, როგორც ქართველი ინსტრუქტორები საბრძოლო მომზადების ცენტრიდან, ასევე თანაბრად, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები.
  • სამშვიდობო ოპერაციების წვრთნების ცენტრი
    2009 წლიდან ორმხრივად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებთან ერთად ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სამშვიდობო მისიებისათვის გადასროლისწინა წვრთნასა და მომზადებას. ამ ეტაპისათვის ცენტრში მომზადება გაიარა 23-მა ქვედანაყოფმა (მომზადების ხანგრძლივობა 4 თვე). გარდა მტკიცე მხარდაჭერის მისიისა, ცენტრი ასევე უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მომზადებას აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში წარსაგზავნი კონტინგენტისთვის.
  • წვერთნების შეფასების ცენტრი
    პასუხისმგებელია თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შეფასებაზე სხვადასხვა კოლექტიურ დავალებებში ამ ეტაპზე ათეულის, ოცეულის და ასეულის დონეზე. ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მასშტაბით ამზადებს დამკვირვებელ/მაკონტროლებელ-ინსტრუქტორებს.