ნატო-ს როლი ერაყში

ნატო, როგორც ორგანიზაცია, არ მონაწილეობდა ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით წარმოებულ მრავალეროვნული კოალიციური ჯარების სამხედრო ოპერაციაში. ალიანსის როლი ერაყში შემოიფარგლებოდა ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნით. ამით ნატო ხელს უწყობდა ერაყის მთავრობას ეფექტიანი შეიარაღებული ძალების ფორმირებაში და მხარს უჭერდა მათი თავდაცვითი შესაძლებლობის ამაღლებას. 2004 წლის 22 ივნისს ერაყის გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თხოვნით მიმართა ნატო-ს გენერალურ მდივანს, დახმარება აღმოეჩინა ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში. 2004 წლის 28 ივნისს ნატო-ს სტამბოლის სამიტზე შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ერაყის მთავრობას სამხედრო პერსონალის გაწვრთნაში დახმარებოდნენ. იმავე წლის 30 ივლისს ჩამოყალიბდა ნატო-ს წვრთნების საიმპლემენტაციო მისია (Training Implementation Mission) ერაყში. 2004 წლის 7 აგვისტოდან ნატო-ს მისია ახორციელებდა ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. თავდაპირველად, წვრთნების საიმპლემენტაციო მისია 50 ოფიცერს აერთიანებდა. 2004 წლის 22 სექტემბერს მისი რეკომენდაციების საფუძველზე, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა მისიის პირადი შემადგენლობის გაზრდა და ერაყში წვრთნების, განათლებისა და დოქტრინების ცენტრის ჩამოყალიბდა. მისიაში მომსახურე პერსონალის რაოდენობა სამას კაცამდე გაიზარდა და მათ ერაყის საშუალო და მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნა დაევალათ. ამასთანავე, შეიცვალა მისიის სახელწოდება – ნატო-ს საწვრთნელი მისია ერაყში (NATO Training Mission– Iraq). შინაარსობრივად ნატო-ს საწვრთნელი მისია ერაყში არასაომარი ხასიათის იყო და ერაყელი სამხედროების გაწვრთნას, აღჭურვასა და ტექნიკურ დახმარებას ისახავდა მიზნად. 2004-2006 წლების განმავლობაში ნატო-ს მისიის ფარგლებში 5000-მდე ოფიცერმა აიმაღლა კვალიფიკაცია. მისიის დაწყებიდან დღემდე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერაყის მთავრობა სხვადასხვა სამხედრო-ტექნიკური საშუალებით (ტყვია-წამლით, ჯავშან-ჟილეტებით, სამხედრო მანქანებით, ტანკებითა და სხვა აღჭურვილობით) მოამარაგა, რომლის საერთო ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.