ოპერაცია აქტიური ძალისხმევა (Active Endeavor)
2001 წლის ოქტომბრიდან ოპერაცია აქტიური ძალისხმევის ფარგლებში ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალები, (რომელიც აერთიანებს სამხედრო გემებს, წყალქვეშა ნავებს, თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს,) ხმელთაშუა ზღვის წყლებში პატრულირებენ. ისინი აკონტროლებენ გემების მიმოსვლას და გიბრალტარის სრუტეში სავაჭრო გემებს თანხლებას უწევენ. აქტიური ძალისხმევის მიზანია ხმელთაშუა ზღვის წყლებში ტერორისტული საქმიანობის აღკვეთა, გამოვლენა და დროული განეიტრალება. ეს ოპერაცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარებაში. ხმელთაშუა ზღვაში, გემების ინტენსიური სავაჭრო მიმოსვლის რეგიონში სტაბილური და მშვიდი გარემოს ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ალიანსის უსაფრთხოებისათვის. დასავლეთ ევროპაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის 65%-ის ტრანსპორტირება ხმელთაშუა ზღვის გავლით ხდება. მსხვილი მილსადენები აკავშირებს ლიბიას იტალიასთან, მაროკოს – ესპანეთთან. ამის გათვალისწინებით, ხმელთაშუა ზღვის აუზში ალიანსის სამხედრო ძალები მილსადენებს სისტემატურად აკონტროლებენ. 2003 წლის მარტიდან აქტიური ძალისხმევის ფარგლებში გიბრალტარის სრუტეში ხორციელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების დროშით მცურავი არასამხედრო გემების თანხლება. ამ გადაწყვეტილების მიზანს წარმოადგენს ტერორისტული თავდასხმების აღკვეთა, რომლებიც მოხდა 2000 წელს იემენში აშშ-ის და 2002 წელს საფრანგეთის დროშით მცურავი ხომალდების წინააღმდეგ. 2003 წლის აპრილიდან ნატო სისტემატურად ამოწმებს საეჭვო ხომალდებს. ოპერაცია აქტიური ძალისხმევის ფარგლებში ალიანსის გემებმა და შვეულმფრენებმა განახორციელეს რამდენიმე სამაშველო ოპერაცია, მათ შორის, ნავთობჭაბურღილის პლატფორმიდან მუშებისა და მძირავი გემებიდან ეკიპაჟის ევაკუაცია. ალიანსის სამხედრო ძალების ყოფნამ ხმელთაშუა ზღვის წყლებში ხელი შეუწყო ნატო-სა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების (ალჟირის, ეგვიპტის, ისრაელის, იორდანიის, მავრიტანიის, მაროკოს, ტუნისის) მჭიდრო თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში, რადგან აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ეს ქვეყნები ალიანსის ძალებს აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს რეგიონულ წყლებში მცურავი გემების შესახებ. ნატო-ს გაძლიერებული ყოფნა ხმელთაშუა ზღვის აუზში წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტს და დადებითად აისახება გემების მიმოსვლაზე. აქტიური ძალისხმევა, ასევე, ხელს უწყობს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ოპერაციაში, გარდა ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა, ჩართულები არიან ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიც.