70 საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის შესახებ საგანმანათლებლო დებატ-კლუბები გაიხსნა

ოქტომბერი 23, 2023

23.10.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“, მონაწილე 70 პედაგოგთან ჰიბრიდულ ფორმატში გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.

„საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით იმართება. პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.

შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე ახალგაზრდების ცოდნის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა „საგანმანათლებლო დებატ-კლუბებში“ მათი ჩართულობის მნიშვნელობას. „აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრის მნიშვნელოვან სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ ახალგაზრდები და პედაგოგები. პროექტი ერთი მხრივ ხელს შეუწყობს პედაგოგების პროფესიულ გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და მეორე მხრივ, ახალგაზრდებში დასავლური ინტეგრაციის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ანალიტიკურ-კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების გაძლიერებას. აღნიშნული კი თავისმხრივ, აძლიერებს მედეგობას ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ„-განაცხადა თამარა წულეისკირმა.

თავის მხრივ, დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისა და დებატების ტექნიკის დაუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა. მოწვეულმა ექსპერტებმა მონაწილე პედაგოგები პოლიტიკური დებატების წარმოების და სწავლების მიმართულებით გადაამზადეს.

პედაგოგები ორი თვის მანძილზე ახალგაზრდებთან იმუშავებენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დებატების ტექნიკის, მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.

პროექტის დასასრულს დაგეგმილია დებატების ეროვნული ტურნირის ორგანიზება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.