70 საჯაროს სკოლის დირექტორთან დასავლური ინტეგრაციის შესახებ დებატ-კლუბების პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 18, 2023
18.11.23 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, პროექტის, „დებატ-კლუბები დასავლური ინტეგრაციის შესახებ“ ჩართული 70 საჯარო სკოლის დირექტორთან ჰიბრიდულ ფორმატში გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა.
პროექტს „საგანმანათლებლო დებატ-კლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ საინფორმაციო ცენტრი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით და “დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტთან” პარტნიორობით ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით 70 საჯარო სკოლაში, კლასგარეშე აქტივობის ფორმატში, დაარსდა დებატ-კლუბები, სადაც 850-მდე მოსწავლეა გაერთიანებული.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცოდნის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა „საგანმანათლებლო დებატ-კლუბებში“ მათი ჩართულობის მნიშვნელობას.
„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის მიერ დადებითი რეკომენდაციის გაცემის ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების კიდევ უფრო უკეთესად ინფორმირებას. საინფორმაციო ცენტრის ერთ-ერთ სამიზნე აუდიტორიას სწორედ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები წარმოადგენენ, რადგან მათი ჩართულობა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.“- განაცხადა თამარა წულეისკირმა.
თავის მხრივ, დებატებისა და განათლების ეროვნულ ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისა და დებატების ტექნიკის დაუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა. მოწვეულმა ექსპერტებმა დირექტორებთან პოლიტიკური დებატების წარმოებისა და სწავლების მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინეს.
პედაგოგები ორი თვის მანძილზე ახალგაზრდებთან მუშაობენ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დებატების ტექნიკის, მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით.
პროექტის დასასრულს დაგეგმილია დებატების ეროვნული ტურნირის ორგანიზება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.