ა/ო „ათინათში“ მოსწავლეებთან ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივლისი 20, 2022
20.07.22 – ზუგდიდი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობითა და ა/ო ორგანიზაცია „ათინათის“ ორგანიზებით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, „ათინათის“ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებისთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროკავშირთან და ნატო-სთან თანამშრომლობის დინამიკაზე, თანამშრომლობის მექანიზმებზე, ევროპულ ღირებულებებზე, დასავლური ინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შესასრულებელ პირობებსა და შემდგომ ეტაპებს, რომელსაც ქვეყანა გადის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან წევრობამდე.
ამასთანავე, მომხსენებელმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.