აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 29, 2024

29.04.24 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აჭარის რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე. მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე კი ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ, ანეტი ბერიძემ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია მსმენელებისთვის საინტერესო საკითხებზე.