აჭარის რეგიონის წარმატებულ პედაგოგებსა და გამარჯვებული პროექტების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 24, 2023

24.12.23 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის აჭარის რეგიონში განმახორციელებელ ორგანიზაციასთან BEDEC თანამშრომლობით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმატებულ პედაგოგებსა და გამარჯვებული პროექტების ლიდერებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცედურებზე, რასაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გაივლის.

შეხვედრას ესწრებოდა ორგანიზაციის BEDEC ხელმძღვანელი მაია ქათამაძე, რომელმაც სამოქალაქო განათლების პროგრამაში აქტიურად ჩართული პედაგოგები და რესურსცენტრების წარმომადგენლები სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დააჯილდოვა და ამავდროულად, მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა საგანმანათლებლო ჯგუფთან ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიების წარმოებისა და ერთობლივი აქტივობებისთვის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს მადლობის სიგელი გადასცა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართბა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.