ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარების მეორე ციკლი დასრულდა
დეკემბერი 22, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარები ჩატარდა. ლექციები მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის საქართველო-ნატოს თანამშრომლობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას.
სემინარების ციკლი საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის მაიორ მარგარეტ შილდსის ლექციით დასრულდა.
მაიორმა შილდსმა ვრცლად ისაუბრა ნატოს შექმნის გარემოებებზე, ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ნატო-ს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. ხაზგასმით აღნიშნა ნატოსთვის საქართველოსთან, როგორც სანდო პარტნიორთან ურთიერთობის მნიშვნელობა.
კურსის ფარგლებში, 300-ზე მეტი თვითმმართველობის წარმომადგენელისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე 5 ლექცია ჩაატარა. ონლაინ შეხვედრებზე მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე. ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
სემინარების ციკლი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.