აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
ივნისი 17, 2022

17.06.22 – სოფელი ახალკახათი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აფხაზეთის მე-14 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სარგებელს, ევროპულ ღირებულებებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ ეტაპებზე.
ამასთანავე, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მოსახლეობის მედეგობის გაზრდის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.