აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა

დეკემბერი 22, 2022

22.12.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო .ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ სემინარი .“საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” გაიმართა.

სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თამარა წულეისკირმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს, რომელთა მხარდაჭერითაც ცენტრი მნიშვნელოვან პროექტებს ახარციელებს. ასევე, ხაზი გაუსვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან სხვადასხვა პროექტებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

სემინარის მონაწილე 25-მდე ახალგაზრდას მისასალმებელი სიტყვით საქართველოში აშშ-ს საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების უფროსმა ალექსანდერ დანიელსმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა.

ალექსანდერ დანიელსმა თავის გამოსვლაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების როლი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში და რა უნდა გაკეთდეს მათი ჩართულობის გასაზრდელად.

თავის მხრივ ლია გიგაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების ჩართულობისთვის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევასა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან დავით ბუჯიაშვილისგან მოესმინათ ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ისაუბრა.

კურსის დასასრულს, მედიაწიგნიერება და მისი როლი დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში განიხილეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელთან ანი გვეტაძესთან ერთად.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.