აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” გაიმართა

დეკემბერი 7, 2021

07.12.21 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” ჩატარდა.

სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სემინარის მონაწილე 20-მდე ახალგაზრდას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა და აშშ-ს საელჩო საქართველოში, საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კრისტოფერ ანდერსონმა.

თავის მხრივ ლია გიგაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობასა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.

კრისტოფერ ანდერსონმა თავის გამოსვლაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებს აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებსა და იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებში ჩართვაც სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი.

ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტში ნატო-ს სამმართველოს უფროსისგან ვერა ხაჟალიასგან მოესმინათ ინფორმაცია ნატო-ს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო. ასევე, ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე.

კურსის დასასრულს ახალგაზრდებმა მოწვეული ექსპერტთან “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორთან დავით ძიძიშვილთან ერთად განიხილეს ანტი-დასავლური პროპაგანდა, მისი ძირითადი მიზნები და ამოცანები, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.