აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” გაიმართა
აპრილი 28, 2022
28.04.22 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ რიგით მესამე სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” ჩატარდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, თბილისში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უკვე გაიმართა ორი სემინარი. 2021-2022 წლებში ერთდღიანი სემინარების ციკლის ფარგლებში ჯამში 5 შეხვედრა გაიმართება დაახლოებით 100 სტუდენტის მონაწილეობით.
სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ახალგაზრდების ჩართულობისა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
სემინარის მონაწილე 20-მდე ახალგაზრდას მისასალმებელი სიტყვით მიმართა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა.
თავის გამოსვლაში ლია გიგაურმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევასა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ჰქონდათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან თორნიკე ფარულავასგან მოესმინათ ინფორმაცია ნატო-საქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე. “ღია საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ მონაწილეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებს.
კურსის დასასრულს, ახალგაზრდებმა მოწვეული ექსპერტთან “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” ერთ-ერთ დამფუძნებელთან დავით ძიძიშვილთან ერთად განიხილეს ანტიდასავლური პროპაგანდის ძირითადი მიზნები და ამოცანები, ასევე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები, კერძოდ, ნატოსა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის გზავნილები.
აღსანიშნავია, რომ სემინარების ციკლი საპილოტე ხასიათისაა და უზრუნველყოფს მთავარი მიგნებების გაანალიზებას შესაბამისი სამიზნე ჯგუფის მონაწილეობით მომავალი აქტივობების დაგეგმვის მიზნით.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.