აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” გაიმართა
მაისი 14, 2021

14.05.21 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტებისთვის, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ სემინარი “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და პერსპექტივები” გაიმართა.
სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა გახსნა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სემინარის მონაწილე 30-მდე ახალგაზრდას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ რაიან ჰარკერ ჰარისმა.
თავის მხრივ თეა ახვლედიანმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა როგორც საინფორმაციო ცენტრს, ასევე, აშშ-ს საელჩოს აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისთვის.
რაიან ჰარკერ ჰარისმა თავის გამოსვლაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაზე ისაუბრა და იმ პროექტზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ახალგაზრდებს ასევე, საშუალება ქონდათ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი მრჩევლის ნათია გვენეტაძისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან თორნიკე ფარულავასგან მოესმინათ ინფორმაცია ნატოს დაარსების გარემოებებზე, მის ამოცანებსა და მიზნებზე, ნატოს როლზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ნატო-სა ქართველოს ურთიერთობის დინამიკასა და თანამშრომლობის მექანიზმებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა სალომე შაფაქიძემ, მონაწილეებს ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ისტორია, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, მნიშვნელობა და პერსპექტივები გააცნო. ასევე, ყურადღება გამახვილდა ასოცირების ხელშეკრულებისა და ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობაზე. . კურსის ფარგლებში ახალგაზრდებმა მოწვეული ექსპერტთან “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორთან დავით ძიძიშვილთან ერთად განიხილეს ანტი-დასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები და გამოწვევები.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.