ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის შეხვედრა გაიმართა
აპრილი 18, 2022
18.04.22 – სოფელი ჭვინთა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო განაცხადის წარდგენიდან სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე.
ახალგაზრდებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.