ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 22, 2022
22.04.22 – სოფელი დამალა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის უფროსკლასელებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, სამომავლო პერსპექტივები, ანტიდასავლური პროპაგანდა და მისი თანმდევი საფრთხეები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო განცხადის წარდგენიდან სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე. ახალგაზრდებს, ასევე, ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.