ახალგაზრდა ელჩების პროექტის ფარგლებში ბოლნისში ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 12, 2023

12.04.23 – ბოლნისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ახალგაზრდა ელჩების პროექტში „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ ჩაერთო.

ააიპ „საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში“ გამართულ შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაზე „Erasmus+“ და ის ორგანიზაციები გააცნო, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს სთავაზობენ მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტრენინგ კურსებსა და გაცვლით პროგრამებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.