ახალგაზრდული პროექტის „უკეთესი მომავალი” ფარგლებში საინფორმაციო-შემეცნებითი სახის შეხვედრები გაიმართა
იანვარი 25, 2023
25.01.23 – ბათუმი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით, ბათუმში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის ჩართულობით, პროექტის „უკეთესი მომავალი” ორგანიზატორებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერგეს საჯარო სკოლისა და ბათუმის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს შეხვედრა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხებზე, ხოლო სტუდენტებისთვის მოაწყვეს აქტივობა თემაზე ,,ევროკავშირი და საქართველო”.
პროექტის ფარგლებში დაიგეგმა შემეცნებითი აქტივობები ბათუმის ქუჩებში.
პროექტის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შედეგად მიღებულ სარგებელზე, არსებულ შესაძლებლობებზე და ასევე, ცენტრის მიერ მომზადებული ბუკლეტები, საინფორმაციო და საიმიჯო მასალები გადასცეს.
პროექტი “უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სასწავლო პროგრამის „დემოკრატია და მოქალაქეობა“ ფარგლებში, ბსუ-ს ასისტენტ-პროფესორის გიგა ფარტენაძის ინიციატივითა და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტების ორგანიზებით განხორციელდა, მიზნად ისახავდა რეგიონის ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობისა და იმ ღირებულებების გაზიარებას, რასაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციული ეტაპები ითვალისწინებს.