ახალგაზრდული პროგრამა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ჩატარდა

დეკემბერი 14, 2022

14-16.12.22 – თბილისი

საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული პროგრამა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ჩატარდა.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.

ახალგაზრდებს მოწვეულმა ექსპერტებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურა ხამაშურიძემ, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ და საერთაშორისო განათლების ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტმა დალი ხომერიკმა ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან ბრძლის გზებზე. ხაზი გაესვა აშშ-ში განათლების მისაღებად სასურველი უნივერსიტეტისა ან კოლეჯის შერჩევის სპეციფიკას, დაფინანსების სახეობებსა და უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის საჭირო კრიტერიუმებს. საუბარი, ასევე, შეეხო საჯარო გამოსვლის ხელოვნებასა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევებს.

აღსანიშნავია, რომ ტრენერთა ტრენინგის გავლის შემდგომ, ახალგაზრდები ჩაერთვებიან საინფორმაციო კამპანიაში და ცნობიერების ასამაღლებელ შეხვედრებს ჩაატარებენ მინიმუმ 13 მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან, მათ შორის მათ თანატოლებთან, სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და თემის ლიდერებთან.

პროგრამა ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის პარტნიორები არიან ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.