„ახალგაზრდული ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა

თებერვალი 18, 2024

18.02.24 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული სამსახურის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, „ახალგაზრდული ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებთან, დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

შეხვედრას პარტნიორი ორგანიზაციის „თაობათა დიალოგის“ წარმომადგენლები, გენერალური დირექტორი, ქუთაისის მერიის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები და საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.

სიმულაციური სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.