ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 25, 2023

25.10.23 – ახალქალაქი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა გაუწია და ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.