ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის სკოლის მოსწავლეებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა

მარტი 19, 2024

19.03.24 – სოფელი ვარევანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, დეზინფორმაციის სკოლის ფარგლებში სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.

მონაწილეებს დეზინფორმაციის სკოლა-სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.