ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო მოხელეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ივნისი 21, 2022
21.06.22 – ახალქალაქი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააქტო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილი მიესალმა და ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი დამსწრე საზოგადოებას საქართველო-ნატოს ურთიერთობის განვითარების ქრონოლოგიაზე, დინამიკასა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ხაზი გაესვა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის მიღწევებსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა კოლექტიური თავდაცვის პრინციპსა და ორგანიზაციის როლზე მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.