ახალქალაქის სომხური საჯარო სკოლების უფროსკლასელები სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისს ესტუმრნენ
მაისი 13, 2022

13.05.22 – ახალქალაქი
„ევროპის დღეები 2022“- ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ოფისს ახალქალაქის სომხური საჯარო სკოლების უფროსკლასელები ეწვივნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ERASMUS + შესაძლებლობებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2022“, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ იმართება, 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.