ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2022

29.03.22 – კახეთი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კახეთის რეგიონის ახმეტისა მუნიციპალიტეტისა და პანკისის რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმოამდგენლებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ ცენტრის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, ევროკავშირთან გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით’’ მიღებული ხელშესახები სიკეთეებისა და ევროკავშირის პროგრამების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთება და ინტეგრაციის შემდგომი ეტაპების განხილვა წარმოადგენდა.

შეხვედრას, რომელსაც 60 მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია კახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ გაუწია.

ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.