ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 21, 2021
21.06.21 – ამბროლაური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ღირებულებებზე, ინტეგრაციის პროცესის შედეგად უკვე მიღწეულ პროგრესზე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც შენგენის ზონის/ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის დროს შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.