ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 20, 2022
20.04.22 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიისა და მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ ასპექტებზე. მომხსენებელმა, ასევე, ვრცლად მიმოიხილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP), წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) მნიშვნელობა და ფუნქციები.
შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძე, რომელმაც ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.