ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მარტი 30, 2023
30.03.23 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში თამარ გოგოლაძე ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ხამაშურიძემ, ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის საკითხებსა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელ სამომავლო ნაბიჯებზე. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა ასოცირების შეთანხმებაზე, მისი შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში ფერმერებისთვის გახსნილ შესაძლებლობებსა და „ENPARD“-ის პროგრამაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.