ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ევროპული ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 20, 2023
20.06.23 – ამბროლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების წარმომადგენლებისთვის, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, თამარ გოგოლაძემ, ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ, ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის დახმარების პროექტებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ იმ სარგებელზე, რომელიც საქართველომ ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით შეიძლება მიიღოს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობასა და იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებს, რომლებიც უნდა გაიაროს და დააკმაყოფილოს განმცხადებელმა სახელმწიფომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მოსაპოვებლად.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.