ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 17, 2023
17.05.23 – ამბროლაური
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ამბროლაურის წარმომადგენლობაში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენელი თამარ გოგოლაძე ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.
მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მის მნიშვნელობაზე, თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2023“ 6 მაისს დაიწყო და 21 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.