ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან გამკლავების საკითხებზე ცენტრისა და საგარეო უწყების წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მარტი 6, 2024

04-06.04.24 – თბილისი

ანტიდასავლურ დეზინფორმაციასთან ეფექტიანად გამკლავების საკითხებზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო უწყების წარმომადგენელთა გაერთიანებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა „ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ღონისძიებების გეგმის“, პირველი დათქმის – „ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან ბრძოლა“ – შესრულების დინამიკის მონიტორინგი და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საინფორმაციო ცენტრი, ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ საზოგადოების მედეგობის გაზრდის მიზნით, ინტენსიური საინფორმაციო კამპანიების წარმართვასა და 100 000 პირდაპირი ბენეფიციარისთვის 900-მდე ღონისძიების განხორციელებას გეგმავს.

შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა არჩილ ყარაულაშვილმა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა მონაწილეებს მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია ევროკავშირის გაფართოების პაკეტის ფარგლებში არსებული ახალი რეალობისა და შესაძლებლობების შესახებ, ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და სამართლებრივი დაახლოების პრაქტიკაზე, მიმდინარე გამოწვევებსა და შემდგომ ეტაპებზე. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გავრცელებული ცრუ გზავნილების აღმოფხვრის მიზნით თანმიმდევრული, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.