ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე მაღალმთიანი აჭარის პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 11, 2022

11.02.22 – მაღალმთიანი აჭარა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მაღალმთიანი აჭარის რეგიონის პედაგოგებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

შეხვედრაზე „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო“-ს კვლევისა და ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ძიძიშვილმა, მონაწილეებს დეზინფორმაციისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ყურადღება გამახვილდა მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და კრიტიკული აზროვნების როლზე პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.

შეხვედრას, რომელსაც 110-მდე პედაგოგი ესწრებოდა მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.