აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებზე მოსწავლეებისთვის ვებინარი ჩატარდა
თებერვალი 26, 2024
26.02.24 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებზე, ვებინარი ჩატარდა.
ვებინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და ახალგაზრდებისთვის ცენტრის მიერ შეთავაზებული აქტივობების შესახებ ისაუბრა.
ვებინარზე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თეა კუჭუხიძემ დეტალურად განიხილა აშშ-ში სწავლის შესაძლებლობები და ის კონკრეტული გაცვლითი პროგრამები, რომლებშიც მოსწავლეების მონაწილეობა არის ხელმისაწვდომი.
მოსწავლეებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტისგან დალი ხომერიკისგან აშშ-ში განათლების მისაღებად სასურველი უნივერსიტეტისა ან კოლეჯის შერჩევის სპეციფიკაზე, დაფინანსების სახეობებსა და უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის საჭირო კრიტერიუმებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.