აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებზე სტუდენტებისთვის ვებინარი ჩატარდა

თებერვალი 28, 2024

28.02.24 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლის სტუდენტებისთვის აშშ-ში სწავლის შესაძლებლობებზე, ვებინარი ჩატარდა.

ვებინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქეთი კუპრაძემ გახსნა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და სტუდენტებისთვის მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ვებინარზე, საქართველოში აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თეა კუჭუხიძემ დეტალურად განიხილა აშშ-ში სწავლის შესაძლებლობები და ის კონკრეტული გაცვლითი პროგრამები, რომლებშიც სტუდენტების მონაწილეობა არის ხელმისაწვდომი.

სტუდენტებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ამერიკული განათლების კონსულტანტისგან დალი ხომერიკისგან აშშ-ში განათლების მისაღებად სასურველი უნივერსიტეტისა ან კოლეჯის შერჩევის სპეციფიკაზე, დაფინანსების სახეობებსა და უნივერსიტეტებში ჩაბარებისთვის საჭირო კრიტერიუმებზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.