ასპინძის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

მარტი 29, 2022

29.03.22 – ასპინძა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ასპინძის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო განცხადის წარდგენიდან სრულფასოვანი წევრობის მოპოვებამდე. ახალგაზრდებს, ასევე, ინფორმაცია მიეწოდათ ევროკავშირის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ შესაძლებლობებზე.

საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მასთან ბრძოლის გზებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.