აჭარის ბიურო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური ვიქტორინის გაზაფხულის სეზონს შეუერთდა

მაისი 13, 2022

13.05.22 – ბათუმი

“ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ბსუ-ს ინტელექტუალური ვიქტორინის მასშტაბურ გაზაფხულის სეზონს შეუერთდა.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ახალგაზრდებთან საკომუნიკაციო ქსელის გაფართოებაზე ისაუბრა.

ინტელექტუალური ვიქტორინის წამყვანმა, ბსუ-ს პროფესორმა გიორგი მასალკინმა საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს სამომავლოდაც, ევროინტეგრაციის საკითხებზე საფუძვლიანი ინფორმირებისკენ მოუწოდა.

ვიქტორინაში 200-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა, მათგან ევროკავშირის თემატიკის შეკითხვებში გამოვლენილ გამარჯვებულ გუნდებს საინფორმაციო ცენტრისგან „ევროპის დღეების“ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღეები 2022“, რომელიც საქართველოში უკვე მეათედ იმართება, 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.