აჭარის ბიურო „ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაგეგმილ შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებს შეუერთდა

მაისი 11, 2022

11.05.22 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო „ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში დაგეგმილ შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებს შეუერთდა.

ქობულეთის რესურსცენტრში ნახატების გამოფენა გაიხსნა, ხოლო ქალაქის საჯარო სკოლებში ეზოების მოხატვა დაიგეგმა. შემეცნებითი აქტივობა გაიმართა ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში, სადაც სასკოლო ეზო ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების ამსახველი სიმბოლოებითა და იმპროვიზირებული გზავნილებით მოიხატა.

ღონისძიების მონაწილეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი მიესალმა და საქართველოში „ევროპის დღეები 2022“ – ის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გააქტიურებასა და განათლების სფეროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამების ხელმისაწვდომობას.

ქობულეთის რესურსცენტრის უფროსის მადონა გოგიტიძის ინიციატივით, „ევროპის დღეები 2022“ – ის აღნიშვნა მუნიციპალიტეტის სხვა საგანამანათლებლო დაწესებულებებშიც იგეგმება და ღონისძიებების კვირეულში ჩართვა ყველა მოსწავლესა და დაინტერესბულ პირს შეეძლება.

ღონისძიების დასასრულს, ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის საიმიჯო მასალები და თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეათედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით, ყურადღება გამახვილდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.