აჭარის ბიურო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში ჩაერთო

ივნისი 5, 2022

05.06.22 – აჭარა

საგარეოს საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი აჭარაში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქტივობებში ჩაერთო.

საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ა(ა)იპ კულტურის ცენტრთან არსებული ეკო კლუბის ,,ეკო-ქომაგები” წევრებს შეხვდა, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით პიარ-აქცია მოაწყო, მტირალას ეროვნულ პარკში გასვლით შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებაში ჩაერთო და პროექტის მონაწილეებს ცენტრის თემატური მასალები გადასცა.

ცენტრის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ „მწვანე შეთანხმებისა“ და სხვა ინიციატივების საშუალებით გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გააქტიურებაზე, რომლის მთავარი მიზანი 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობის მიღწევაა. საუბარი, ასევე, შეეხო ამ გლობალურ პროცესში საქართველოში გარემოზე ზრუნვის პრიორიტეტად გამოცხადებას, აგრეთვე იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც ამ კუთხით იგეგმება, რათა საქართველო უფრო „მწვანე“, ჯანმრთელი და მდგრადი ქვეყანა გახდეს.

შეხვედრაზე აღინიშნა ახალგაზრდების როლი მსგავს პროექტებში ჩართულობისა და ძალისხმევის თვალსაზრისით, რათა გვქონდეს უფრო სუფთა ჰაერი და წყლის რესურსი, შესაძლებელი იყოს ნარჩენების უკეთესად მართვა, იყოს მეტი ენერგოეფექტურობა და უკეთ დაცული ბიომრავალფეროვნება.