აჭარის ბიურო საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებულ კონფერენციას შეუერთდა

თებერვალი 21, 2021

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა ბიურომ ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟან მონეს კათედრის მიერ ორგანიზებულ სტუდენტური კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის, როგორც საქართველოს პირველი ევროპული კონსტიტუციისა და მასში განსაზღვრული ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების მნიშვნელობაზე. საუბარი, ასევე, შეეხო ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის სათანადო შეფასებასა და იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რაც ამ პროცესს ახლავს. მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობას.

კონფერენციაზე „დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროპის კავშირში“, ჟან მონეს სასწავლო პროგრამის სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კავშირის ძირითად ღირებულებებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროკავშირში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. სასწავლო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ჩაეტარებინათ სამაგიდო კვლევა, შეესწავლათ და შეეფასებინათ ევროკავშირის ინსტიტუტების საქმიანობა და მის წინაშე არსებული გამოწვევები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ ბსუ პროფესორ-მასწავლებლები და აკადემიური პირები.

ჟან მონეს კათედრა „ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა” დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Jean Monnet-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.