აჭარის ბიურო სტუდენტურ კონფერენციაში ჩაერთო
იანვარი 28, 2022
28.01.22 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონულმა ბიურომ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟან მონეს კათედრის მიერ ორგანიზებულ სტუდენტური კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების სწორად ინფორმირებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოების მნიშვნელობა.
კონფერენციაზე „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში“, ჟან მონეს სასწავლო პროგრამის სტუდენტებმა და კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები ევროპის კავშირის ძირითად ღირებულებებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, ევროკავშირში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო აქტიურად თანამშრომლობს ჟან მონეს კათედრასთან, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.