აჭარის ბიურომ ევროპის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნა
მაისი 9, 2021

09.05.21 – ბათუმი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, ევროპის დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნა.
დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ბსუ-შიჟან მონეს კათედრა – ახალი სასწავლო და კვლევითი სივრცე გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობას. გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „ევროპული ღირებულებები, ევროპული ინტეგრაცია და საქართველო”, რომელშიც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და ევროპის დღეების აღნიშვნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით მიღებულ ხელშესახებ სარგებელზე, სიკეთეებსა და ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა მონაწილეებს, ასევე, ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ იმ მრავალფეროვან აქტივობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებში ჩართულობაც ყველა სამიზნე ჯგუფისთვის იქნება შესაძლებელი, განსაკუთრებით კი, სტუდენტებისა და აკადემიური პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ევროპის დღეები საქართველოში უკვე მეცხრედ იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს და COVID-19-ის გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო, წელსაც ციფრულ ფორმატში გაიმართება. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მონაწილეებს, აგრეთვე, გადაეცათ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები.