აჭარის ბიურომ პროექტის “ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა” (DIGY) შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
მაისი 18, 2021
18.05.21 – აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურომ, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი პროექტის “ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა”(DIGY) შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, პროქტის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები და „ევროპის დღეები 2021“-ის ფარგლებში დაგეგმილი აქტოვობები გააცნო. ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე საუბრისას, მომხსენებელმა ყურადღება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე გაამახვილა, რომლებიც ახალგაზრდებისთვის და ზოგადად, განათლების სფეროსთვისაა განკუთვნილი.
პროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდული ჰორიზონტი“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განახორციელა და მისი მიზანი ქობულეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩართულობის ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც განათლების, სპორტისა და ჯანდაცვის მიმართულებით ახალგაზრდების ინფორმირებისა და ადამიანის უფლებების კუთხით ატარებდნენ კვლევებს. პრეზენტაციების პროცესში კი თითოეულ მათგანს საინფორმაციო ცენტრისგან თემატური ლიტერატურა და საიმიჯო ატრიბუტები გადაეცათ.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აჭარის ა.რ. მთავრობის, განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ახალგაზრდული რეგიონული ცენტრის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. .