აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განათლებისა და კულტურის მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა
მაისი 25, 2021

25.05.21 – აჭარა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, უვიზო მიმოსვლის საკითხებზე აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის განათლებისა და კულტურის მიმართულებით დასაქმებული თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები მიმოიხილა და შეხვედრის მონაწილეებს ამ პროცესის დინამიკა გააცნო. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროგრამებსა და იმ სარგებელზე, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი. შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე საუბრისას კი აქცენტი გაკეთდა დადგენილ წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე.
ონლაინ სემინარს ესწრებოდა აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თამარ მესხიძე, რომელმაც ახალგაზრდობასთან მუშაობის პროცესში, ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.