აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკოლისგარეშე განათლების კლუბების წევრებისთვის ღონისძიება ჩატარდა
მაისი 20, 2022
20.05.22 – აჭარა
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სკოლისგარეშე განათლების კლუბების წევრებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გამართა.
საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა, მსმენელებს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, თანამდევ ეტაპებსა და გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაკეთებულ განაცხადსა და მის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ამასთანავე, მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობასა და ევროპის დღეების მიმდინარეობაზე ისაუბრა და ახალგაზრდებს განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილში აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის წევრებმა ევროინტეგრაციის თემატიკაზე მომზადებული სხვადასხვა ფორმატის პრეზენტაციები წარმოადგინეს და დისკუსიის ფარგლებში აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.
აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის კოორდინატორმა ხათუნა მართალიშვილმა და საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის ხელმძღვანელმა ციცო ჩიკვაიძემ, ევროპის დღეებში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სხვადასხვა კლუბის ჩართულობაზე ისაუბრეს და სამომავლოდ, საინფორმაციო ცენტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ევროპის დღეები 2022“ 9 მაისს დაიწყო და 25 მაისამდე გაგრძელდება. ევროპის დღეების მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.